თედო ჯაფარიძე ელჩობაზე უარს ამბობს

თედო ჯაფარიძე ელჩობაზე უარს ამბობს

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენაზე უარს ამბობს. 

ჯაფარიძე სათანადო უწყებას მიმართავს, მისი კანდიდატურა გაიწვიოს.

"ამ ბოლო პერიოდში უამრავი ახალი და ამავე დროს მწვავე თემა გამოვიდა წინა პლანზე, განვითარდა ბევრი დელიკატური ხასიათის პროცესი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ პროცესებში ძალიან აქტიურად არის ჩართული საგარეო საქმეთა კომიტეტი და პარლამენტის სხვა სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და აღმასრულებელ უწყებებთან ერთად. გამომდინარე აქედან, მე მივიღე გადაწყვეტილება, სათანადო უწყებამ გამოიწვიოს ელჩობის კანდიდატობიდან ჩემი კანდიდატურა. აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვენლოვანი ნაწილია ის გაუგონარი აჟიოტაჟი, უზომოდ და უაზროდ გაჭიანურებული პროცესი, რომელიც თან ახლავს ამ ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებას – ახალი ელჩის დანიშვნას, რაც მინიშვნელოვნად აფერხებს მთლიანად საქართველოს საგარეო პოლიტიკას. მისი რეალიზების პროცესს და ზიანს აყენებს ჩვენი დიპლომატიის რეპუტაციას, უხერხულ მდოგმარეობაში აგდებს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს. დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი ერთი ადამიანის ახირებად იქცა და ეს პროცესი უკვე 5 თვეა, რაც გრძელდება. ეს ყველაფერი უკვე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება და არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი ადამიანის განწყობაზე და დამოკიდებულებზე კონკრეტული ადამიანების მიმართ. პირადად მე არ მინდა, გავხდე ამ უაზრო პოლიტიკანობის, თუ პირადი გაღიზიანების მიზეზი. საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, როგორიც დიდი ბრიტანეთია, უნდა ჰყავდეს ელჩი, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა და პატივისცემა", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე აქვე პრეზიდენტ სააკაშვილს ახსენებს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი სწორედ ის იყო.

საგარეო უწყებამ ბრიტანეთის ელჩად პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის კანდიდატურა შეარჩია, თუმცა პრეზიდენტმა ჯაფარიძის კანდიდატურის პარლამენტში წარდგენას ხელი არ მოაწერა.