"რედისონში" ირაკლი და ნათია გედენიძეების ფოტოგამოფენა იმართება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საანგარიშო კონფერენციის პარალელურად ფოტოგამოფენა იმართება. სასტუმრო "რედიოსნში" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საანგარიშო კონფერენციის პარალელურად ფოტორეპორტიორების: ირაკლი და ნათია გედენიძეების ფოტორეპორტაჟია წარმოდგენილი. ირაკლი და ნათია გედენიძეებმა ქალთა საპატიმროში ერთი დღე დაჰყვეს, სადაც ფოტოკამერით დააფიქსირეს იქ არსებული ვითარება და პატიმრების მდგომარეობა. 

ფოტოებს თან ერთვის ოთხი ნოველა, რომელიც საპატიმროში ერთი დღით მყოფმა "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა გიორგი ბერიძემ მოამზადა. მან რესპონდენტებად ოთხი სხვადასხვა ასაკის პატიმარი ქალი აირჩია და შესაბამისად ფოტოექსპოზიციას და ოთხ ნოველას "ქალის ოთხი სეზონი" ეწოდა, ხოლო პროექტის სახელწოდებაა "ესეც გაივლის".

ნოველებში აღწერილია სხვადასხვა სასჯელისთვის ბრალდებული ოთხი ქალის ისტორია, მათი ყოველდღიური ყოფა და მომავლის გეგმები, როდესაც ისინი დატოვებენ საპატიმროს. პარალელურად ფოტოექსპოზიციაზე წარმოდგენილია პატიმარ ქალთა ფოტოები, რომლებთანაც საპატიმროში 3 წლამდე ასაკის შვილები იმყოფებიან.

აღნიშნული პროექტი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ ირაკლი და ნათია გედენიძეებთან და გიორგი ბერიძესთან ერთად განახორციელა.