კახა კოჟორიძე - მოსამართლეთა კონფერენცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეთა კორპუსი კანონით მინიჭებული თავისუფლებით ვერ სარგებლობს

კახა კოჟორიძე - მოსამართლეთა კონფერენცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეთა კორპუსი კანონით მინიჭებული თავისუფლებით ვერ სარგებლობს

მოსამართლეთა კონფერენცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეთა კორპუსი კანონით მინიჭებული თავისუფლებით ვერ სარგებლობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, მოსამართლეთა დღევანდელი მდგომარეობა ჰგავს იმას, როცა გალიაში ჩაკეტილ ჩიტს გალიას უხსნიან, მაგრამ ის გაფრენას ვერ ახერხებს. ამ კონტექსტში კოჟორიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობამ სხდომის დღის წესრიგის თავად განსაზღვრის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის კითხვების დასმის საკითხს მხარი არ დაუჭირა.

"მოსამართლეთა კონფერენციამ ვერ გაითავისა, რომ თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივ რაღაცაში გამოიხატა. მაგალითად, ერთ-ერთმა მოსამართლემ კონფერენციას შესთავაზა, რომ მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მომზადებულ დღის წესრიგთან დაკავშირებით განხორციელებულიყო ცვლილებები, მაგრამ მოსამართლეთა კონფერენციამ მას მხარი არ დაუჭირა. დასკვნა მარტივია, მოსამართლეთა უმრავლესობას ურჩევნია დღის წესრიგი ვიღაცამ დაუდგინოს და იმ დღის წესრიგით იმოქმედოს, ვიდრე თავად გადაწყვიტოს, რა საკითხებზე, რა თანმიმდევრულობით, რა პრიორიტეტებით იმსჯელოს. გარდა ამისა, მოსამართლეთა უმრავლესობის არაჯანსაღი დამოკიდებულება გამოვლინდა იმაში, რომ მოსამართლეთა გარკვეულ რაოდენობას სურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის შეკითხვების დასმა, მაგარამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ, რადგან კენჭისყრის დროს მოსამართლეთა დიდმა უმრავლესობამ აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა", _ აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

გარდა ამისა, საიას ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე პრობლემატურია მისი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის საკითხი. კოჟორიძის შეფასებით, კუბლაშვილი ტენდენციური იყო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც სხდომას უძღვება, იმავდროულად ადმინისტრაციული კომიტეტის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. "ის ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. რეგლამენტის და დღის წესრიგის შემუშავებაში კუბლაშვილი მონაწილეობდა და მოსამართლეთა დღის წესრიგთან და რეგლამენტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აქტიურად გამოხატავდა. ჩემი აზრით, სხდომის თავმჯდომარის მთავარი ამოცანაა არა საკუთარი პოზიციების აქტიური დაფიქსირება, არამედ ის, რომ ობიექტურად წარუძღვეს სხდომას და ყველას მოსაზრების დაფიქსირების თანაბარი შესაძლებლობა მისცეს", - აღნიშნა კოჟორიძემ.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ლოგიკური იყო, როცა კონფერენციაზე დაისვა საკითხი, ფარული კენჭისყრით ჯერ ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა მომხდარიყო და ახლად არჩეულ თავმჯდომარეს წაეყვანა სხდომა, თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ არც ამ შეთავაზებას დაუჭირა მხარი.