ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები საკუთარ სახლებში გადაასვენეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები საკუთარ სახლებში გადაასვენეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები სამების საკათედრო ტაძრიდან გუშინ საღამოს საკუთარ სახლებში გადაასვენეს. სამებიდან პროცესია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გამოაცილეს.

სამების ტაძარში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი, უშიშიროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია. პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა სამების ტაძარი კომენტარის გარეშე დატოვეს.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში გარდაცვლილი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შეასრულა.

ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე 6 ივნისს დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

ტერაქტის შედეგად დაიღუპნენ კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, ყვარელი, სოფელი ენისელი; კაპრალი გიორგი ადამოვი, გორი; პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (გორი სოფ. კარალეთი); რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი (რუსთავი); რიგითი ბორის ცუგოშვილი (გორი); პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, (მცხეთა, სოფ.ძეგვი) და პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (გარდაბნის რაიონი, სოფ. მარტყოფი).

ავღანეთში დაღუპული ქართველი მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ.