ზაზა მეიშვილი მოსამართლეებს ჰპირდება, რომ არჩევის შემთხვევაში მოსამართლეთა დევნას არ დაუშვებს

ზაზა მეიშვილი მოსამართლეებს ჰპირდება, რომ არჩევის შემთხვევაში მოსამართლეთა დევნას არ დაუშვებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღესი საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატია, მოსამართლეებს ჰპირდება, რომ არჩევის შემთხვევაში მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის დასკვნის საფუძველზე მოსამართლეთა დევნას არ დაუშვებს.

მეიშვილი ასევე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის და კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის დროულად ამოქმედების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. შესაბამისი განცხადება მან მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად წარდგენის შემდეგ გააკეთა. მოგვიანებით კი საკუთარი პოზიცია "ინტერპრესნიუსთანაც" განმარტა.

"სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ნორმის დროულად ამოქმედება. ეს არის არა ჩემს მიერ გამოგონილი მოსაზრება, არამედ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რომელიც ევროპის მრავალ ქვეყანაში მოქმედებს. რაც შეეხება მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნის საკითხს, ეს რა საკვირველია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა თუ ისინი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ შეიძლება კომისიის გადაწყვეტილება მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის საფუძველი გახდეს", _ აღნიშნა ზაზა მეიშვილმა.

მისივე თქმით, მართალია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი კომისიის დასკვნის საფუძველზე მოსამართლეთა დისციპლინარული დევნის დაწყებას არ ითვალისწინებს, თუმცა, ამასთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან უკვე გამოითქმის გარკვეული მოსაზრებები.