იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მოსამართლე მამუკა ახვლედიანი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მოსამართლე მამუკა ახვლედიანი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მოსამართლეთა კონფერენციამ მოსამართლე მამუკა ახვლედიანი აირჩია. ახვლედიანის არჩევა ღია კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, 197 ხმით მოხდა.

კენჭისყრის ამ შედეგის გამოცხადების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას უძღვება, მამუკა ახვლედიანს ახალ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ მას საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია დაემატა.

მოსამართლეთა კონფერენცია, მოცემული მომენტისთვის, უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას იწყებს. თავდაპირველად მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს იმ სამი მოსამართლის კანდიდატურას, რომლებიც უფლებამოსილები იქნებიან, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად სასამართლოს და კოლეგიის პალატის თავმჯდომარეობაც შეითავსონ. მათ შემდეგ კი კენჭი ეყრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ წევრს. ისინი კი რიგითი მოსამართლეები იქნებიან, რომლებიც ვერ შეითავსებენ თანამდებობას. კენჭისყრა არის ფარული, რომლის დროსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე გასასვლელად წარმოდგენილ კანდიდატურას სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა დასჭირდება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხელახალი კენჭისყრა ჩატარდეს, ანუ დაინიშნოს მეორე ტური.