მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის ალტერნატიული ვარიანტები მოსამართლეთა კონფერენციამ ჩააგდო

მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის ალტერნატიული ვარიანტები მოსამართლეთა კონფერენციამ ჩააგდო

მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის ალტერნატიული ვარიანტები მოსამართლეთა კონფერენციამ ჩააგდო. რეგლამენტთან დაკავშირებით ალტერნატიული შეთავაზებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ სამი ადგილის შევსების წესს ეხებოდა, რომლის დაკავების შესაძლებლობასაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონი კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეებს აძლევს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე მოსამართლეთა შორის საკმაოდ ხანგრძლივი პოლემიკა და დავა წარიმართა. კონფერენციისთვის შეთავაზებული იყო წინადადება, რომ აღნიშნულ სამ ადგილზე კენჭისყრის შესაძლებლობა კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარე მოსამართლეებთან ერთად რიგით მოსამართლეებსაც მისცემოდათ, თუმცა, საკითხის სასარგებლოდ ხმა მხოლოდ 58 მოსამართლემ მისცა, შესაბამისად, აღნიშნული ალტერნატივა არ გავიდა. კიდევ ერთი შეთავაზების თანახმად, აღნიშნულ სამ ადგილზე უნდა ჩატარებულიყო მხოლოდ ერთი ტური და მოსამართლეთა არჩევა ხმათა 1/3-ით მომხდარიყო. ამ წინადადებას 65 მოსამართლემ დაუჭირა მხარი.

აღნიშნული კენჭისყრების ბოლოს, კენჭი ეყარა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ძირითად პროექტს და ის ხმათა უმრავლესობით 177 ხმით გავიდა.

კონფერენციაზე დამსწრე იურისტები კერძო საუბრებში არ მალავენ, რომ სწორედ ეს სამი ადგილია ის, რომლის მეშვეობითაც კუბლაშვილს გარანტირებულად ექნება მისი ნდობით აღჭურვილი მოსამართლეების იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოლის შესაძლებლობა. იურისტები კერძო საუბრებში იმასაც ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების მეშვეობით აქვს ადგილის დაკავების შესაძლებლობა და ნაკლები შანსი აქვს, რომ მისთვის სასურველი კანდიდატები გაიყვანოს იმ ადგილებზე, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს.