"მთელი რეგიონის ინტერესია, რომ თურქეთის განვითარება სწრაფად და განუხრელად გაგრძელდეს"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "მთელი რეგიონის ინტერესია, რომ თურქეთის განვითარება სწრაფად და განუხრელად გაგრძელდეს".

ასე ეხმაურება პრეზიდენტი თურქეთში განვითარებულ მოვლენებს.

"მინდა, გამოვეხმაურო თურქეთში განვითარებულ მოვლენებს და ბოლო დროს განვითარებული დაძაბულობის გამო ჩემი ღრმა მწუხარება გამოვთქვა. ახლა, როდესაც პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ბრწყინვალე ხელმძღვანელობით, თურქეთი სწრაფი და განუხრელი განვითარების გზას ადგას, საზოგადოების გაყოფა და პოლარიზება ქვეყნის ინტერესებში ყველაზე ნაკლებად შედის. თურქეთი არის არა მარტო დემოკრატიისა და განვითარების მოდელი, არამედ სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიც რეგიონში და სწორედ მთელი რეგიონის ინტერესია, თურქეთის განვითარება სწრაფად და განუხრელად გაგრძელდეს. დღეს მთელი რეგიონის იმედი თურქეთისკენაა მიმართული. ჩვენს რთულ და დაძაბულობით აღსავსე დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რეგიონს ჰყავდეს ძლიერი ლიდერი, რომელიც იქნება უკეთესი მომავლისა და იმედის სიმბოლო არა მარტო საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ - მთელი რეგიონისთვის. უპირველესად, პრემიერ-მინისტრ ერდოღანის დამსახურებაა ის, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობა ძალიან დინამიკურად ვითარდება. ჩემი ღრმა რწმენით, პრემიერ-მინისტრი ერდოღანი ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ლიდერია თანამედროვე მსოფლიოში და ღრმად მწამს, რომ თურქეთის საზოგადოება გამონახავს კომპრომისის აუცილებელ რესურსებს, სამოქალაქო თანხმობა კვლავ დაისადგურებს და თურქეთი დიდხანს იქნება ის სახელმწიფო, რომელიც როგორც მეზობლებს, ისე მთელ მსოფლიოს მომავლის რწმენას ჩაუნერგავს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.