კონსტანტინე კუბლაშვილი - ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ უნდა გვქონდეს საერთო პრინციპები

კონსტანტინე კუბლაშვილი - ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ უნდა გვქონდეს საერთო პრინციპები

ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ უნდა გვქონდეს საერთო პრინციპები, - ამ განცხადებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა მოსამართლეებს მიმართა. მოსამართლეთა რიგით მეათე რიგგარეშე კონფერენციაზე, სადაც მოსამართლეები სასამართლო სისტემის ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს აირჩევენ, კუბლაშვილმა მოსამართლეებს ერთიანი პოზიციით გამოსვლა რამდენიმე ფუნდამენტური საკითხის გარშემო შესთავაზა.

მან თავდაპირველად ყურადღება კონსტიტუციის იმ მუხლის ამოქმედების აუცილებლობაზე გაამახვილა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ითვალისწინებს. კუბლაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უნდა მოხდეს იმის დაშვება, რომ კონსტიტუციის ეს ჩანაწერი შეიცვალოს. მისივე თქმით, საჭიროა მოხდეს მოქმედი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნა.

გარდა ამისა, კუბლაშვილი სიტყვით გამოსვლისას შეეხო მართლმსაჯულების ხარვეზიანი გადაწყვეტილებების გადახედვის თაობაზე ხელისუფლებაში მომზადებულ გეგმას და განაცხადა, რომ არავის უნდა მიეცეს უფლება, რომ "რაღაც კომისიის მუშაობის შედეგად მიღებული დასკვნით ე.წ. ხარვეზიანი გადაწყვეტილებების გამო მოსამართლეთა დასჯა მოხდეს". მისი თქმით, ამ მიმართულებით დაუშვებელია, მოსამართლეთა თუნდაც სადისციპლინო წესით დასჯა.

კონფერენციის გახსნისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე მოსამართლეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და კოლეგებს მიმართა, რომ მათ უნდა მოითხოვონ ხელფასების გაზრდა და საპენსიო სისტემის გაუმჯობესება.

"დიდი ხანია, რაც სასამართლო რეფორმა მიმდინაროებს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ამ რეფორის გზაზე. ყველას, საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას უნდა დავუმტკიცოთ, რომ გარეჩარევის გარეშე ჩვენი პირადი პასუხისმგებლობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია. არავის უნდა მივცეთ უფლება, თავს დაესხას სასამართლო სისტემას. ჩვენ შეიძლება გვქოდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ უნდა გვქონდეს საერთო პრინციპები", - მიმართა მოსამართლეებს კუბლაშვილმა.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა ისიც, რომ ვერავინ უნდა შეძლოს კანონში რაღაც ცვლილების საფუძველზე ჩაერიოს სასამართლო სისტემის საქმიანობაში და ეს სწორედ მოსამართლეთა ერთიანი პოზიციის საფუძველზე ძირშივე უნდა იყოს აღკვეთილი.

კონფერენცია 11:00 საათზე გაიხსნა. რეგისტრაცია 234 მოსამართლემ გაიარა. ისინი დღეს სასამართლო სისტემის ადმინისტრაციულ ორგანოებს აირჩევენ. კერძოდ, მოხდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა. კონფერენციაზე ასევე აირჩევენ სადისციპლინო და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებს.