გოკა გაბაშვილი - შსს-მ ძალიან სწრაფად უნდა გამოიძიოს გავრცელებული ვიდეორგოლები

გოკა გაბაშვილი - შსს-მ ძალიან სწრაფად უნდა გამოიძიოს გავრცელებული ვიდეორგოლები

საპარლამენტო უმცირესობა შს სამინისტროსგან თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობის მაქსიმალურად მოკლე დროში გამოძიებას მოითხოვს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოები წარმოადგენს კამპანიას, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

"ეს უნდა იქნას გამოძიებული ძალიან ჩქარა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან სწრაფად უნდა იმუშაოს, იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის საქმეების გამოძიებას დიდი დრო არ სჭირდება. სადაც არ უნდა მიდიოდეს და როგორიც არ უნდა იყოს კვალი, შსს-მ ეს უნდა გაარკვიოს და საზოგადოებას უთხრას", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

როგორც ცნობილია, Youtube-ზე 6 ივნისს, გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა.

"ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.