ირაკლი ალადაშვილი - ავღანეთში ტრაგედიის ზრდის ალბათობა კონტინგენტის ზრდამ განაპირობა

ირაკლი ალადაშვილი - ავღანეთში ტრაგედიის ზრდის ალბათობა კონტინგენტის ზრდამ განაპირობა

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობა ნატო-ს არაწევრი ქვეყნისთვის "ძალიან დიდია".

როგორც ალადაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სწორედ კონტინგენტის ზრდამ განაპირობა ტრაგედიის ზრდის ალბათობა.

"მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი სამხედრო კონტინგენტის გაზრდის, რადგან ეს ზრდის ისეთი ტრაგედიების ალბათობას, როგორიც ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე გუშინ მოხდა. 2009 წლის შემოდგომაზე ჩვენ ავღანეთში 173 სამხედრო შევიყვანეთ, ამ დროისთვის კი მათი რაოდენობა თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი და 1 600-მდე ჯარისკაცით განისაზღვრება. ბუნებრივია, ამით გაიზარდა თავდასხმების ალბათობის რიცხვი. მიმაჩნია, რომ ჩვენი შემადგენლობა ძალიან დიდია, რადგან საქართველოს, თავისი პრობლემებიდან გამომდინარე, არ შეუძლია იყოს პირველი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის", - განაცხადა ალადაშვილმა.

ამასთან, მისივე აზრით, ბოლო დღეებში თალიბანის ყურადღება საქართველოს წარმომადგენლობით შემადგენლობაზე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან აპელირებამაც მიიპყრო.
"იმ ფაქტმა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი აპელირებდნენ, საქართველოს ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს არაწევრ ქვეყნებს შორის, თალიბანის ყურადღება მიიქცია და თუ დღემდე მათ ძირითად სამიზნეს ამერიკელები და ბრიტანელები წარმოადგენდნენ, ახლა მათ დაემატა ქართველებიც", - აღნიშნა ალადაშვილმა.

6 ივნისს ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.