დიპლომატები აცხადებენ, რომ კონფლიქტისპირა სოფლებში ვითარება იმაზე რთული დახვდათ, ვიდრე ინფორმაცია ჰქონდათ

დიპლომატები აცხადებენ, რომ კონფლიქტისპირა სოფლებში ვითარება იმაზე რთული დახვდათ, ვიდრე ინფორმაცია ჰქონდათ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის 30-მდე წარმომადგენელი კონფლიქტის ზონაში იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ვიზიტი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთიდან დაიწყო.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც რუსმა სამხედროებმა ე.წ.საზღვარი გამიჯნეს და მავთულხლართები გააბეს. მავთულხლართის გავლების შედეგად აღნიშნულ სოფელში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.

ე.წ.საზღვარს იქით დარჩენილ დავით ვანიშვილს სოფელში ჩასული დიპლომატები მავთულხლართებიდან ესაუბრნენ. ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ვითარება იმაზე რთული დახვდათ, ვიდრე ინფორმაცია ჰქონდათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი კი აცხადებს, რომ იმ შეფასებების პარალელურად, რასაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქტიურად აკეთებენ, მათ აუცილებლად უნდა ენახათ რეალურად არსებული ვითარება კონფლიქტის ზონაში. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და ვიზიტის ორგანიზებას გიორგი ვოლსკი დადებითად მიიჩნევს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ხურვალეთიდან გუგუთიაანთ კარსა და დიცში გადაინაცვლებენ.