თავდაცვის სამინისტრო - ავღანეთში ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე მდგომარეობა სტაბილურია

თავდაცვის სამინისტრო - ავღანეთში ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე მდგომარეობა სტაბილურია

ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე საგანგებო ზომებია მიღებული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის უწყების ცნობით, ავღანეთიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქართველი სამხედროები ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ სიტუაციას თავის სამოქმედო არეალში.

სამინისტროს განცხადებით, ყველა ქართველი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია, ბოლომდე შეასრულოს დაკისრებული მისია და მაქსიმალურად პროფესიონალურად დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოება.

ავღანეთში გუშინ კიდევ 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე, პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე, პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე. თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.