ხათუნა ლაგაზიძე - დღის ტრაგიკული დასასრული გვაფიქრებინებს, რომ თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო აბსოლუტური რეალობაა

ხათუნა ლაგაზიძე - დღის ტრაგიკული დასასრული გვაფიქრებინებს, რომ თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო აბსოლუტური რეალობაა

დღის ტრაგიკული დასასრული გვაფიქრებინებს, რომ თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო აბსოლუტური რეალობაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა. მისი თქმით, არავინ იცის, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს, თუ ეს ვიდეო არის ავთენტური და არა - გაყალბებული.

"ავღანეთში 6 ქართველი ჯარისკაცის აფეთქება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ყველაზე დიდი ტრაგედიაა და სამწუხაროა, რომ ორივე ტრაგედიაში სავალალო წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს. თუ მას დაებადა კითხვა "თალიბანის" მიერ გავრცელებული კადრების ავთენტურობის შესახებ, ძალიან საინტერესოა, დაებადა თუ არა კითთხვა იმის თაობაზე - რაც დღეს ავღანეთში დატრიალდა ქართველების თავზე, იყო თუ არა კავშირში მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ამაზრზენ კადრებთან, რომელიც ჩვენ 26 მაისს ავღანეთში მისი ვიზიტის შემდეგ ვიხილეთ, როდესაც მან ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს დასანახად შურისძიების სამიზნედ აქცია ავღანეთში დისლოცირებული ქართული საჯარისო ფორმირებები. იგი მსოფლიოს დასანახად ქართველ ჯარისკაცებს ეკითხებოდა - ვის ანგარიშზე რამდენი ტერორისტის სიცოცხლე იყო", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტის თქმით, "მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად მისი ექსცენტრულობისა და ზეემოციურობისა, არ არის იმ მასშტაბის პოლიტიკოსი, რომელიც მსგავს პიარაქციებს შემთხვევით ან შეცდომით აკეთებს".

"ის, რაც დღეს მოხდა ავღანეთში, დიდი ალბათობით არის მიხეილ სააკაშვილის პირადი შურისძიების აქტი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ გაბედა და პირველ ოქტომბერს ხელისუფლებაში არ დატოვა მისი რეჟიმი. ასევე ეს არის პირადი შურისძიების აქტი სააკაშვილის მხრიდან ამერიკის მიმართ, რაც ასევე პირველ ოქტომბერს უკავშირდება, იმისათვის, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ არ დართო სააკაშვილს ნება უკანონოდ, არჩევნების გაყალბების შედეგად დარჩენილიყო საქართველოს ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, უნდა დაისვას დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საკითხი და გამოძიების მოთხოვნა უნდა მოდიოდეს, როგორც საქართველოს საზოგადოების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან", - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტის განცხადებითვე, არ არის გამორიცხული, "სააკაშვილის წყალობით საქართველოს საზოგადოებაში დაიწყოს მოძრაობა ავღანეთიდან საქართველოს ჯარების გამოყვანის მოთხოვნით".
"მე ვსვამ კითხვას, არის თუ არა ეს რუსეთის ინტერესებზე წყლის დასხმა?! არის თუ არა ეს რუსეთის დაკვეთის შესრულება საქართველოსთვის, სამწუხაროდ, მისი პრეზიდენტად წოდებული მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. გამოძიება უნდა დაიწყოს იმიტომ, რომ სააკაშვილს აღარ მიეცეს საშუალება, განახორციელოს ასეთი სასტიკი შურისძიების აქტები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მიჭირს ვისაუბრო თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობაზე, მაგრამ დღის ტრაგიკული დასასრული გვაფიქრებინებს, რომ ეს ვიდეო არის აბსოლუტური რეალობა", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.