საქალაქო სასამართლო პროკურორს ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს საქმიანობაში ირიბ ჩარევაში ადანაშაულებს

საქალაქო სასამართლო პროკურორს ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს საქმიანობაში ირიბ ჩარევაში ადანაშაულებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ-ერთ პროკურორს ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს საქმიანობაში ირიბ ჩარევაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს 6 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორი დაუკავშირდა ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს. 

"ბრალდების მხარის წარმომადგენელი დაინტერესდა აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის პოზიციით, კერძოდ, ხომ არ დაუფიქსირებია მოსამართლეს თავისი აზრი საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა არასაკმარისობასა და სისუსტესთან დაკავშირებით. პროკურორი, ასევე დაინტერესდა, საქმეზე გამომსვლელი პროკურორის კომპეტენციით, კერძოდ, თუ რამდენად ართმევდა იგი თავს დაკისრებულ მოვალეობას.

მთავარი პროკურატურის პროკურორმა თავისი დაინტერესება ახსნა იმ გარემოებით, რომ პროკურატურაში შევიდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს "უჭირდა" და საქმეზე გამომსვლელი პროკურორი იყო სუსტი", - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის მხრიდან მოსამართლესთან კომუნიკაციის სტანდარტის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, აღნიშნული ქმედება მიჩნეულია სასამართლოს საქმიანობაში არაპირდაპირ (ირიბ) ჩარევად.

"სასამართლო ითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ინტერესს, თუმცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ და სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას", - აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.