თურქეთის პრემიერ-მინისტრი უკან დახევას არ აპირებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი უკან დახევას არ აპირებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი პროტესტისა, სტამბოლში მდებარე "გეზი პარკის" რეკონსტრუქია გაგრძელდება. 

"ბიბისის" ინფორმაციით, თურქეთის პრემიერმა განცხადება ამის თაობაზე ტუნისში გააკეთა. ერდოღანი, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში სამი დღის განმავლობაში მართავდა ვიზიტებს, სამშობლოში დღეს ბრუნდება.

გასულ კვირაში სტამბოლში აქციები "გეზი პარკის" რეკონსტრუქციის შეჩერების მოთხოვნით დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა, აქციის მონაწილეები მესამე ვადით არჩეული რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ხელისუფლებას ავტორიტარიზმსა და მოსახლეობისთვის ისლამური ფასეულობების თავსმოხვევისთვის ადანაშაულებენ.

ჩრდილოეთ აფრიკაში გამგზავრებამდე, ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი დაბრუნებისთვის აქციები აღარ იქნებოდა. თუმცა, უკვე მეშვიდე დღეა, თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში აქციები არ წყდება, პოლიცია მათ დასაშლელად კვლავ იყენებს ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს. არის მსხვერპლიც.