კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩს უცხოური მედიაც ეხმაურება. როგორც იტალიური გამოცემა Repubblica წერს, 31 მაისის საღამოს თბილისის "დინამოს" გადავსებული სტადიონი საოცარი მატჩის მომსწრე გახდა. სტადიონზე აპლოდისმენტები ისმოდა ბარეზის, მალდინისა და ინძაგის მისამართით. ყველანი კახა კალაძეს აცილებდნენ ფეხბურთიდან.
"ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავების მატჩზე დასასწრებად, რომლებიც თბილისში კახა კალაძის ფეხბურთიდან გასაცილებლად შეიკრიბნენ, ათასობით ქართველი გულშემატკივარი მივიდა. ეს კი უჩვეულოა თბილისის "დინამოს" სტადიონისთვის, რომელიც იშვიათად არის სრულად სავსე. ქართველი გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი გუნდის თბილისის "დინამოს" მატჩზეც კი მცირე რაოდენობით დადიან", - წერს Repubblica.
"კახა ყოველთვის ემახსოვრებათ "მილანში", გუნდის გულშემატკივრები მას არასოდეს დაივიწყებენ", - ციტირებს გამოცემა Football Italia მატჩზე მყოფი "მილანის" ვიცე-პრეზიდენტის ადრიანო გალიანის სიტყვებს.
"კარიერის დიდი ნაწილი უცხოურ კლუბებში გავატარე, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი თანამემამულეების სითბოსა და მხარდაჭერას. ყველა ჩემს გულშემატკივარს ვპირდები, რომ ყოველთვის ვიქნები საქართველოს ღირსების დამცველი და ერთად ჩვენ ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ", - ციტირებს კახა კალაძის სიტყვებს ესპანური გამოცემა EFE.
თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართული კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი "კალაძის მეგობრებსა" და იტალიის "მილანს" შორის, იტალიელის ვარსკვლავების გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
მატჩზე, ისეთი რანგის ქართველი და იტალიელი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, ფაბიო კანავარო, ანდრეი შევჩენკო, სებასტიანო როსი, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული და სხვა ცნობილი ფეხბურთელები არიან.
35 წლის კახა კალაძე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თბილისის "დინამოში", კიევის "დინამოსა" და იტალიურ "მილანში" გამოდიოდა. საქართველოს ნაკრებში მას 83 შეხვედრა აქვს გამართული, იტალიის "მილანში"კი 284 შეხვედრაში მის ანგარიშზე 13 გოლია.