პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძეს პოლიტიკაში ისეთივე წარმატებული კარიერა უსურვა, როგორიც მას ფეხბურთში ჰქონდა. კახი კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩის დასრულების შემდეგ პრემიერ- მინისტრი სიტყვით გამოვიდა და მას მადლობა გადაუხადა.
"დღეს ჩვენ ფეხბურთიდან ვაცილებთ ჩვენ საყვარელ კახა კალაძეს, მინდა მოკლედ შეგახსენოთ როგორ შემოვიდა ის პოლიტიკაში. მინდა პირველი დღე გავიხსენო ჩვენი პირველი შეხვედრის, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ განცხადება გავაკეთე, კახი კალაძის თხოვნით შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა, გაცნობა. მე მას ნახევრად ხუმრობით ვკითხე ხომ არ აპირებ პოლიტიკაში მოსვლას, სადაც გინდა იქ დაგაყენებ დაცვაში თუ თავდასხმაში, მისი პასუხი ასეთი იყო - მე მოვედი, რომ გვერდით დაგიდგე და ვემსახურო ჩემს ქვეყანას, შემიძლია კარებშიც დავდგე, შემიძლია თავზეც დავდგე, დავდგები იქ სადაც დასჭირდება ჩემს სამშობოლოს და გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი" , – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერმა გაიხსენა კახი კალაძის გავლილი გზა პოლიტიკაში და აღნიშნა, რომ იგი გმირულად და თავდადებულად იბრძოდა გუნდის ყველა წევრთან ერთად.
"გამარჯვების შემდგომ ყველას ჰქონდა წარმოდგენა, რომ კახა კალაძეს მისცეს ფორა, როდესაც ის მინისტრად დაინიშნა და აი, აქ ითამაშა მისმა დიდმა გამოცდილებამ, პროფესიონალიზმმა და შრომისმოყვარეობამ. სულ მოკლე დროში კახი კალაძე გახდა სანიმუშო მინისტრი და იმ გუნდში, რომლის კაპიტანიც მე გახლავარ, არავისზე ნაკლები მინისტრი არ არის კახი კალაძე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას მისი სპორტული წარმატებებისათვის, იმ წარმატებებისათვის, რომელიც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისათვის, რომელიც მან მოახერხა პოლიტიკაში შემოსვლის შემდგომ და მადლობა მას, როგორც მინისტრს და ჩვენი გუნდის ძალიან კარგ წევრს. რაც მთავარია, მინდა ვუსურვო ასეთივე ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა პოლიტიკაში, ასეთივე სიყვარულით, ასეთივე ტაშით გაეცილებინოს ის ქართულ საზოგადოებას პოლიტიკიდან" , – განაცხადა პრემიერმა.