კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამხელა სიყვარული აქვს ქართველ ხალხს ჩემს მიმართ, - ასეთი შეფასება გააკეთა კახა კალაძემ ფეხბურთიდან მისი გაცილების მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი გუნდის მაისური ეცვა მას, ყოველთვის გრძნობდა ქართველი ხალხის მხარდაჭერას. კალაძის განცხადებით, მისი კარიერის წარმატებაც სწორედ იმით იყო გამოწვეული, რომ მუდმივად ჰქონდა ქართველი გულშემატკივრის იმედი და გრძნობდა მათ თანადგომას. მისივე თქმით, ყოველთვის ფიქრობდა, რომ წარმოეჩინა თავისი ქვეყანა და ყველას გაეგო, თუ რომელი ქვეყნიდან იყო ის წარმოშობით და რა იყო საქართველო.
გარდა ამისა, შეფასების დროს კალაძემ მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც წლების განმავლობაში მის წარმატებას ხალხს აცნობდნენ და მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს, რომელიც მივიდა დღეს "დინამო არენაზე" და მათ, ვინც თვალყურს ადევნებდა დღევანდელ თამაშს ტელევიზიის საშუალებით.
კახი კალაძის გარდა დღევანდელი შეხვედრა და მისი კარიერის დასასრული შეაფასეს როგორც "მილანის" ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ასევე ქართველმა ვარსკვლავებმაც.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შეფასებები გააკეთეს პაოლო მალდინიმ, მასიმო ოდომ და დანიელე მასარომ. როგორც მალდინიმ აღნიშნა, ყველა მისი თანაგუნდელი ბედნიერი და ამაყია იმით, რომ მონაწილეობა მიიღო დღევანდელ მატჩში და სასიხარულოა ყველასთვის ის ფაქტი, რომ ამდენი ხალხი მივიდა, რადგან სწორედ ასეთი გაცილება ეკუთვნოდა კახა კალაძეს.
რაც შეეხება მასიმო ოდდოს და მასაროს შეფასებებს, მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ წარმატებული და ხანგრძლივი კარიერის შემდეგ კახა კალაძემ მის ცხოვრებაში გადადგა ახალი აქტიური ნაბიჯი და როგორი წარმატებულიც იყო და ხალხისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა წლების განმავლობაში, კვლავ განაგრძობს ამ ტემპით და ცდილობს კვლავ დადგეს ადამიანების სამსახურში, რაც ყველა ადამიანისთვის სამაგალითო და მისასალმებელია.
ამასთან, შეფასებები გააკეთეს დავით მუჯირმა და შოთა არველაძემ. ორივე მათგანი აღნიშნავდა იმას, რომ კალაძის წარმატებებს თან ახლდა როგორც პირადი, ასევე კარიერის განმავლობაში სირთულეები, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ყველაფერს წარმატებით გაართვა თავი და ეს არის სწორედ მაგალითი პირველ რიგში მომავალი თაობებისთვის, თუ როგორ ფასდება ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი როგორც მსოფლიო დონეზე, ასევე პირველ რიგში თავის ქვეყანაში.