"დინამო არენაზე" კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი გაიმართა. თავდაპირველად მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელები მოედანზე გასახურებლად გავიდნენ და ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივრებს ბურთები გადაუგდეს. ამ ფაქტს მაყურებელში ოვაციები და დიდი მხიარულება მოჰყვა.
სტადიონის დიდ მონიტორზე კახა კალაძის განვლილი საფეხბურთო კარიერის შესახებ 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. შემდეგ კი დაპირებისამებრ სტადიონზე ბერა ივანიშვილი გამოჩნდა და რამდენიმე ახალი სიმღერა შეასრულა. გარდა ამისა, ბერამ ქართველ გულშემატკივარს ერთი სიურპრიზიც მოუმზადა - სცენაზე ამერიკელი რეპერი გამოვიდა და ქართველ მომღერალთან დუეტში იმღერა.
ბერას გამოსვლის შემდეგ გუნდები მოედანზე გავიდნენ. საქართველოს ჰიმნის დასრულების შემდეგ კი მატჩი დაიწყო და პირველი წუთებზე "კალაძის მეგობრებმა" სახიფათოდ შეუტიეს მეტოქეს - შოთა არველაძემ გოლი გაიტანა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა ალამი ასწია და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
შეხვედრის მე-8 წუთზე გუნდებმა საგოლე მომენტები შექმნეს. ჯერ იაშვილი ურტყამდა "მილანის" კარის მიმართულებით, შემდეგ კი სერჟინიომ შეუტია "კალაძის მეგობრების" კარს სახიფათოდ, თუმცა ანგარიში არც ამჯერად გაიხსნა.
მე-11 წუთზე გოლის გატანა ფილიპო ინძაგის შეეძლო, მაგრამ მისი თავური დარტყმა ზუსტი არ აღმოჩნდა. მატჩის მე-14 წუთზე კი მეკარესთან ფლანგიდან პირისპირ შოთა არველაძე გავიდა. მისმა პასმა დემეტრაძემდე არ მიაღწია - როსიმ ბურთი დაისაკუთრა. 4 წუთში ანგარიშის გახსნა "მილანს" შეეძლო - გამჭოლი პასი შევჩენკომდე მივიდა, მაგრამ უკრაინელმა ფეხბურთელმა შოვკოვსკის ვერ აჯობა.
25-ე წუთზე შოთა არველაძემ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც დემეტრაძემ ზუსტად შეასრულა და მატჩში ანგარიში "კალაძის მეგობრების" სასარგებლოდ გახსნა.
პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 დასრულდა.
შესვენების დროს კი მოედანზე ანსამბლი "ერისიონი" გამოვიდა და გულშემატკივრებს ლამაზი სანახობა წარუდგინა.
მეორე ნახევრის დაწყებამდე "გაუთვალისწინებელი შემთხვევა" მოხდა - მოედანზე ტრუსის ამარა მამაკაცი შევარდა, რომლის დაჭერას სტადიონის თანამშრომლები კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ. სინამდვილეში კი ეს დაგეგმილი "ფლეშ მობი" იყო, შიშველმა მამაკაცმა უეცრად ცეკვა დაიწყო, შემდეგ კი მოცეკვავეთა ჯგუფი შევარდა მოედანზე და რამდენიმე ცეკვა შეასრულა.
თამაშის განახლებიდან ორ წუთში ფილიპო ინძაგიმ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. შანსი თავადვე გამოიყენა და ანგარიში გაათანბრა.
მოერე ტაიმში თამაშის საშუალება უკვე ყველა დანარჩენ ფეხბურთელსაც მიეცა. 52-ე წუთზე გატანა კვლავ ინძაგის შეეძლო, რომელმაც თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა.
შეხვედრის 71-ე წუთზე კი "მილანი" ანდრე შევჩენკომ დააწინაურა - 2:1. 76-ე წუთზე სხვაობა ორამდე ვერხოვოდმა გაზარდა - 1:3. საბოლოოდ შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა.
განსაკუთრებით ემოციური იყო შეხვედრის დასასრული, როდესაც კახი კალაძე რამდენიმეწუთიანი აპლოდისმენტების შემდეგ მაყურებელმა გასახდელში გააცილა. მანამდე კი კალაძეს კარიერის დასრულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, მილანის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისთან ერთად მიულოცა.