ნუგზარ წიკლაურმა ვანო კიღურაძის გამოსვლა

ნუგზარ წიკლაურმა ვანო კიღურაძის გამოსვლა "ბოლშევიკური აზროვნების კალსიკურ ნიმუშად" შეაფასა

დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, ვანო კიღურაძის გამოსვლა "ბოლშევიკური აზროვნების კალსიკურ ნიმუშად" შეაფასა.

"მე მინდა გკითხოთ თქვენ, რომელი განათლების სისტემა მოგწონდათ?! კრიტიკულად აფასებთ ცვლილებებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ფაქტია, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური რეიტინგები სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა და სულ უფრო და უფრო მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ვიღაც ჩავიდა და იმისთვის, რომ მშვენიერი საბჭოთა სკოლის სახელი "გაეტრიზავებინა", ამაღლებდნენ ამ აკადემიურ რეიტინგებს! რომელი განათლების სისტემა მოგწონთ - ის სისტემა, 90-იან წლებში 20 ლარად რომ დადიოდნენ პროფესორ-მასწავლებლები?! თუ ის სისტემა მოგწონთ, როდესაც მატრიკულებში პროფესორებს ფულს უდებდნენ?! ის სისტემა მოგწონთ, როცა უმაღლეს სასწავლებელებში არც ერთი კომპიუტერი არ იყო, თუ მოგწონთ სისტემა, რომელიც საქართველოში საბჭოთა რუსეთმა დაამკვიდრა და რომელთა ძალითაც ადამიანების ტვინების გამორეცხვა ხდებოდა?!", - განაცხადა წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "სამოქალაქო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ხელისუფლება ახლა უნივერსიტეტებს მიადგა იმიტომ, რომ რაც საგანმანათლებლო სექტორშია, ყველაფრის მონოპოლიზება მოახდინონ, ჰქონდეთ ქონების ჩამორთმევისა და მატერიალურ-ინტელექტუალური საკუთრების ექსპროპრეაციის შესაძლებლობა.

ამჯერად დეპუტატები პრეზიდენტის მიერ კიდევ ერთ ვეტოდადებულ კანონპროექტს - "სამოქალაქო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს განიხილავენ. საუბარია კოდექსის 38_ე მუხლში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლას კრძალავას. პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოდადებული კანონპროექტის თანახმად კი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.