მაია ფანჯიკიძემ ჟან კლოდ მინიონს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა

მაია ფანჯიკიძემ ჟან კლოდ მინიონს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან კლოდ მინიონს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟან კლოდ მინიონთან შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროპის საბჭოს ერთ და ორ დღეში ფაქტებზე რეაგირება არ შეუძლია.

მისივე თქმით, ჟან კლოდ მინიონმა სიტუაცია უნდა შეისწავლოს. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ფაქტების შესწავლის შემდეგ ევროსაბჭო შესაბამის განცხადებას გააკეთებს.

"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ახალ მიდგომაზე ევროპის საბჭოს მუშაობის მიმართ. მე აღვნიშნე, რომ ჩვენი მიდგომა იქნება კონსტრუქციული და საქართველო არასოდეს არ ეცდება ევროპის საბჭოს მუშაობა შეიყვანოს ჩიხში, რადგან ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული მიდგომით უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, წარმოუდგენელია დღეს გვქონდეს შეხვედრა ვინმესთან, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან და არ ისაუბრო იმის შესახებ, რაც ხდება ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. მე მას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და გარდა ამისა, გადავეცი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზი და ასევე ჩვენი განცხადებები, ვუამბე იმ დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადადგა და მომავალშიც გადადგამს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ჟან კლოდ მინიონთან საუბარი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ფანჯიკიძის განმარტებით, მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი.

თავის მხრივ, ჟან კლოდ მინიონმა ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ევროსაბჭო დაინტერესებულია ე.წ. გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტით და მისი ეს მოგზაურობაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

"მან აღნიშნა, რომ ძალიან არის შეშფოთებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და გამოთქვა უკმაყოფილება, რომ არ არსებობს საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც გააკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ჟან კლოდ მინიონმა მას ასევე უამბო მისი მოგზაურობის შესახებ აზერბაიაჯანში და ამცნო, რომ სომხეთში გაემგზავრება.