გელა ნიკოლეიშვილი ადასტურებს, რომ ვლადიმერ მასურაშვილის ოჯახის წევრებს ბურჯანაძის დავალებით შეხვდა

გელა ნიკოლეიშვილი ადასტურებს, რომ ვლადიმერ მასურაშვილის ოჯახის წევრებს ბურჯანაძის დავალებით შეხვდა

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ადასტურებს რომ 2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს ნინო ბურჯანაძის დავალებით შეხვდა. როგორც ნიკოლეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეხვედრა არჩევნებამდე შედგა.

"არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ნინო ბურჯანაძემ მთხოვა, გავცნობოდი საქმის მასალებს, შემესწავლა და შევხვედროდი იმ მხარის ადვოკატს. მე გავეცანი საქმის მასალებს. იქ არის მართლაც ძალიან ბევრი საეჭვო რამ. ამიტომ შევხვდი მასურაშვილის დას და ადვოკატს. ვისაუბრეთ იმ დეტალებზე, რომელიც საქმეშია. მაშინ ჩვენ მართლაც შევთავაზეთ დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ გამოძიება ყოფილიყო სრულყოფილი და თავად დარწმუნებულიყვნენ, რომ არანაირი შეხება იმ მანქანას და იმ კადრს მკვლელობასთან არ აქვს. ყველანაირი მასალა იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენი კოლონის მანქანა არაფერ შუაში არ იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორივე მხარე ვიმუშავებდით იმაზე, რომ სიმართლე საბოლოოდ გარკვეულიყო. დახმარების შეთავაზება, რომ სამართლებრივი დეტალები გაგვერკვია ნამდვილად იყო, მაგრამ ეს დახმარება აღარ მიიღეს", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

2011 წლის 26 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედამ, ანა აზაურაშვილმა დღეს განცხადება გააკეთა.

"ნინო ბურჯანაძე არის ჩემი შვილის მკვლელი, ის ჩემი შვილის სისხლს ვერ ჩამოირეცხავს, - განაცხადა პოლიციელის დედამ.

ანა აზაურაშვილის თქმით, მისი ოჯახის წევრები შეხვდნენ ბურჯანაძეს, ბურჯანაძის მხრიდან იყო დახმარების შემოთავაზებაც, თუმცა აზაურაშვილი არ აკონკრეტებს, რა დახმარებაზე იყო საუბარი.

"ჩემი ოჯახის წევრებს შესთავაზა დახმარება, თუმცა ჩვენ მკვლელისგან არანაირ დახმარებას არ ავიღებთ, ამიტომ მას ამ საუბარში აღარ გავყევით", - აცხადებს ანა აზაურაშვილი.