"შესაძლოა, ეს იყოს მცდელობა, რომ ხელი შეეშალოს დიალოგის იმ ნაბიჯებს, რაც საქართველოს და რუსეთს შორის დაიწყო"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხი საქართველო-რუსეთს შორის დაწყებული დიალოგის ხელშესაშლელად დაიწყო.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტთან ჟან კლოდ მინიონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მეორე საკითხი, რაზეც პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ეს იყო უსაფრთხოების საკითხი და კონფლიქტური რეგიონები. ბატონმა მინიონმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ მონიტორებს არ ეძლევათ საშუალება სრულყოფილად იმუშაონ ამ მიმართულებით. მე ვისაუბრე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. გამოვთქვი ჩემი ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს იყოს მცდელობა გარკვეული ძალების რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ ხელი შეეშალოს დიალოგის იმ ნაბიჯებს, რაც საქართველოს და რუსეთს შორის დაიწყო. ეს არის პირველი და საწყისი ნაბიჯები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ყველაფერეი აზიანებს გარკვეულ წრეებს კრემლში, რადგან ზუსტად ამ დროს ასეთ ვითარებაში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა ამ მიზანსაც ემსახურება. მე სტუმარს მოვახსენე, რომ ხელისუფლების პოლიტიკა იქნება პრინციპული, მაგრამ ფრთხილი", - განაცხადა უსუფაშვილმა.