"თუ ამბობენ, რომ 26 მაისის მოვლენებში მერაბიშვილი უდანაშაულოა, მაშინ გვითხრან, ვინ ჩაიდინა დანაშაული"

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი 26 მაისის მოვლენებში დამნაშავე არ არის, მაშინ უნდა თქვას, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. 

ამის შესახებ უსუფაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებისა და ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

"შეუძლებელია, კითხვები არ დაიბადოს. ახლა რომ გავიგოთ, რომ რომლიმე ქვეყნის პრემიერი, პრეზიდენტი ან პარლამენტის თავმჯდომარეა დაკავებული, რასაკვირველია, კითხვები გაგვიჩნდება, მაგრამ მთავარია, ამ კითხვებზე პასუხი ყველამ მოისმინოს. ჩვენ ვითხოვთ, მეტი ნეიტრალური დამკვირვებელი დააკვირდეს ამ პროცესებს. ბატონ მინიონს მე ძალიან მარტივი რამ ვთხოვე: ნუ დაუჯერებენ ნურც დღევანდელ ხელისუფლებას და ნურც წინას, გამოგზავნონ მეტი მონიტორები და ჰამერბერგები, რომლებიც ამ საქმეებს შეისწავლიან. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ამაზე მე მათთან საპასუხო შეკითხვა მაქვს: თუ მათ იციან, რომ 26 მაისის მოვლენებში მერაბიშვილს წვლილი არ მიუძღვის, მაშინ გვითხრან, ვინ არის დამნაშავე. თუ ამბობენ, რომ ამ საკითხში მერაბიშვილი არის უდანაშაულო, მაშინ გვითხრან, ვინ ჩაიდინა დანაშაული, რომელიც ყველამ ვნახეთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.