მუნიციპალურ საწარმოებში სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებას ყოფილი ”ნაციონალებიც” ითხოვს

მუნიციპალურ საწარმოებში სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებას ყოფილი ”ნაციონალებიც” ითხოვს

საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები თბილისის მერიისა და მთავრობისაგან მუნიციპალურ საწარმოებში სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებას ითხოვენ. საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებმა ნინო ჩხეიძის ქუჩაზე არსებულ 96-ე საბავშვო ბაღის ეზოში ბრიფინგი გამართეს. 

ბრიფინგში საკრებულოს ფრაქციების: "თავისუფლება" და "ქართული ოცნება – თბილისი" წევრები, ასევე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატები მონაწილეობდნენ. კერძოდ, ნიკო ხაჩირაშვილი, დავით ჯინჭარაძე, ნინო თევდორაძე, ზურა გაჩეჩილაძე, ბესო ხვედელიანი და გიორგი ქველაძე.

ინტერფრაქციული ჯგუფის წევრთა განცხადებით, გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ პროექტებზე უნდა წარიმართოს. კერძოდ, ბაგა-ბაღებში ცენტრალური გათბობის უზრუნველსაყოფად.

ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, თბილისში ცენტრალური გათბობის გარეშე 100 ბაღი ფუნქციონირებს. სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებული თანხებით კი 70-მდე საბავშვო ბაღში შესაძლებელი იქნება ცენტრალური გათბობის გაკეთება.

ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისის" წევრის მაკა გვარამიას განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭოების წევრების ხელფასი თვეში 2500 ლარს შეადგენს და ამას ემატება პრემიები. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები ამ საკითხს საკრებულო სხდომაზეც დააყენებენ.

თბილისის მთავრობის 2012 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებით, მუნიციპალურ საწარმოებში "ჰერმესი", "თბილსერვისჯგუფი", "სინათლის ქალაქი" და "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მაღალანაზღაურებადი სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" 44 წევრი, ყოფილი პარლამენტარები, თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები დასაქმდნენ. საბჭოების წევრთა ხელფასები, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯები თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდება და 1 500 000 ლარს აღემატება.