ჟან კლოდ მინიონი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ჟან კლოდ მინიონი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი ევროსაბჭოს სახელით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და იმედს გამოთქვამს, რომ მათთან დაკავშირებული საქმეები სამართლიან და ობიექტურ გარემოში წარიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჟან კლოდ მინიონმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ წინა მთავრობის მაღალჩინოსანთა დაკავების საკითხი იყო. 

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დაკავებების სერიით, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ბუნებრივია, ჩვენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ ამ ადამიანების მისამართ არსებობს ბრალდებები, გვსურს ეს პროცესი ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ყველა ადამიანის მიმართ მოქმედებს ის. შესაბამისად, შეწუხებული ვართ იმ დაკავებებით, რომელიც ხორციელდება ყოფილ მაღალჩინოსანთა მიმართ, განსაკუთრებით კი იმ დროს, როცა რამდენიმე ხანში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. გვსურს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს და არ გვინდა ამ საკითხზე შენიშვნები გაჩნდეს. ჩვენ მივესალმეთ საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებს და მივესალმებით იმას, რომ პრეზიდენტმა არჩევნების საღამოსვე აღიარა, რომ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მივესალმეთ იმასაც, რომ ქვეყანაში მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარება", - განუცხადა ჟურნალისტებს ჟან კლოდ მინიონმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროსაბჭო ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება თუ როგორ ჩატარდება საქართველოში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები.