"რუსი მესაზღვრეების ქმედებები მეზობელი სახელმწიფოს სუვერენიტეტს არანაირად არ ეხება"

ცხინვალის მტკიცებით, "რუსი მესაზღვრეების ქმედებები მეზობელი სახელმწიფოს სუვერენიტეტს არანაირად არ ეხება".

ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"2013 წლის 28 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა შეშფოთება რუსი სამხედროების მიერ თითქოსდა საზღვრების გადაწევის გამო. როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს ამჟამად რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის 2009 წლის აპრილში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები იცავენ. საზღვრის ფიქსაციასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება. მესაზღვრეების ქმედებები არავითარ შემთხვევაში არ ეხება მეზობელი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, რუსი მესაზღვრეების მიერ არანაირ თვითნებურ ქმედებას ადგილი არ აქვს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეშფოთება კი სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პროვოკაცია, რომელიც საზღვრის გასწვრივ ადამიანებზეა გათვლილი. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებში. სურს თუ არა ეს საქართველოს, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი, აღიარებული სახელმწიფოა და თავის სასაზღვრო პოლიტიკას თავად განსაზღვრავს", - ნათქვამია განცხადებაში.