თამაზ თამაზაშვილი მიხეილ სააკაშვილს უჩივლებს

თამაზ თამაზაშვილი მიხეილ სააკაშვილს უჩივლებს

თამაზ თამაზაშვილი საქართველოს პრეზიდენტს უჩივლებს, - ამის შესახებ თამაზაშვილი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს. 

მისივე თქმით, საჩივარს შეიტანს ყველას წინააღმდეგ, ვინც მისი ოჯახი და ახლობლები შეურაცხყო.

"ყველას ვუჩივლებ, არავის ვაპატიებ იმ ბინძურ კამპანიას, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმა და განახორციელა. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციების გამო და მისი უშუალო ხელშეწყობით ციხეში ჯოჯოხეთი გამოვიარე. ჩემთან ერთად გამოიარა დამცირება და შეურაცხყოფა ჩემმა ოჯახმაც. პირობას ვაძლევ საზოგადოებას, არც მიხეილ სააკაშვილს ვაპატიებ ამას. ვუჩივი პირველ რიგში მას, ასევე ვუჩივლებ სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს და კიდევ მრავალ სხვას, ვინც არ ისვენებს და განაგრძობს ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას", - აცხადებს თამაზაშვილი.

ინტერვიუში თამაზ თამაზაშვილი ვანო მერაბიშვილსა და გია ლორთქიფანიძეზეც საუბრობს, რომოლებიც, მისი მტკიცებით, "პოლიციელებს ფულს უხდიდნენ, რომ არაფერი ეთქვათ".

"ჩემს მიმართ განხორციელებული ყველა სიბინძურის შემოქმედი გია ლორთქიფანიძეა. რა უნდა ვთქვა ისეთ კაცზე, რომელსაც მეტსახელად "ბოროტა" შეარქვეს. ამით ამაყობს კიდეც – მე ბოროტა ვარო. მაქვს ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი და ლორთქიფანიძე პოლიციელებს ფულს უხდიდნენ, რომ არაფერი ეთქვათ", - აცხადებს თამაზაშვილი.

მისივე ინფორმაციით, არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტები, რომელსაც შესაბამისი პირები გამოძიებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ.

თამაზ თამაზაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გაზეთ "ყველა სიახლის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.