"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილი იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილი იქნება.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა.

"მე პირადად ძალიან ვემხრობი პრაიმერის იდეას ამ ვითარებაშიც კი. რაღაცნაირად ფორმა უნდა გამოვძებნოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად ვანოს არყოფნა შეუძლებელია, რომ არ აისახოს. ძალიან გვინდა, რომ პარტიას ეს არ დაეტყოს, მაგრამ როგორ გინდა, რომ არ დაეტყოს?! აქედან გამომდინარე, შესაძლოა, პირდაპირ დასახელდეს კანდიდატი", - განაცხადა ბარამიძემ.

კითხვაზე - შესაძლოა, თუ არა ეს იყოს პატიმრობაში მყოფი, პარტიის გენერალური მდივანი, ბარამიძე აცხადებს, რომ "დიდი ალბათობით, შეიძლება, ეს ვანო მერაბიშვილი იყოს".

"არის კიდევ რამდენიმე კანდიდატი და ჩვენ ამას განვიხილავთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ არც დიდი ხანი დასჭირდება. ივნისის თვეში, იმედი მაქვს, რომ კანდიდატი დასახელდება", - განაცხადა ბარამიძემ.