გიორგი ღვინიაშვილი ეჭვობს, რომ რაფალიანცების ტრაგედია

გიორგი ღვინიაშვილი ეჭვობს, რომ რაფალიანცების ტრაგედია "ხელისუფლებაში მყოფი ხალხის ორგანიზებული იყო"

დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი ეჭვობს, რომ რაფალიანცების ოჯახში ტრაგედია "ხელისუფლებაში მყოფი ხალხის ორგანიზებული იყო". ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქმეების "თაროზე შემოდების" გამო მუდამ აკრიტიკებდნენ და უჩნდება კითხვა, რა ხდება 10 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე.

"მეორე დღეს ზუგდიდში ჰქონდა არჩევნები ირაკლი ალასანიას და რატომღაც ღამის ორ საათზე საეჭვოდ აღმოჩნდა გურჯაანში. განა ეს არ აჩენს კითხვებს? ადრე ხომ მე მაბრალებდნენ ამ საშინელებაში მონაწილეობას, ახლა მაქვს ძალიან ლეგიტიმური ეჭვი, რომ რაც მოხდა, ეს მათი ბრალი იყო. თუ ეს ასე არ არის, მაშინ გამოიძიონ და გვითხრან, რეალურად რა მოხდა – თვითონ მოკვდა, ვინმემ მოკლა ეს ბავშვი თუ რა უბედურება დატრიალდა. თუ არა და მანანა ბერიკაშვილმა აგოს პასუხი. მას იმის განცდაც არ გასჩენია, გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა ადამიანურად, როგორც შვილების დედას და ქალბატონს. ვითომ არაფერი, ზის მინისტრის მოადგილის სავარძელში ბედნიერად და სულ დაავიწყდა რაფალიანცები. სამძიმარზეც კი არ მისულა წესიერად", - აცხადებს ღვინიაშვილი.

მისივე თქმით, მანანა ბერიკაშვილის "დანაშაული" კვალიფიცირდება, როგორც ცრუ ბრალდება, თუმცა უჩივლებს თუ არა მინისტრის მოადგილეს, გიორგი ღვინიაშვილი არ აკონკრეტებს.
გიორგი ღვინიაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გაზეთ "ყველა სიახლის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.