"მალე ხელისუფლება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში დე ფაქტო მდგომარეობის აღიარების ვარიანტს შემოგვთავაზებს"

პარტია "იმედის" თავმჯდომარის ირინა სარიშვილის განცხადებით, "მალე ხელისუფლება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში დე ფაქტო მდგომარეობის ამა თუ იმ ფორმით აღიარების ვარიანტს შემოგვთავაზებს".

ამის შესახებ სარიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, სადაც შიდა ქართლში დვანსა და დიცთან ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტი შეაფასა.

"ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლებები ოსტატურად იფარება "გეი პარადებითა" და ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებით, სულ მალე ხელისუფლება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში დე ფაქტო მდგომარეობის ამა თუ იმ ფორმით აღიარების ვარიანტს შემოგვთავაზებს. საზღვრის გადმოწევა მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია, დღეს ეს თემებია აქტუალური, მაგრამ საზოგადოება ეფექტების საშუალებით სხვა რელსებზეა გადაყვანილი, ახლა ახალი ეფექტი – საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყება" - განაცხადა სარიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დავა უნდა დაიწყოს არა საზღვრის გადმოწევაზე, არამედ ამ საზღვრის უკანონობის საკითხი უნდა დააყენოს.

"თუ ჩვენ დავიწყებთ დავას იმაზე, რომ უკან დააბრუნონ საზღვარი, საიდანაც გადმოწიეს, ეს შეცდომა იქნება. ხელისუფლებამ უნდა დააყენოს ამ საზღვრების უკანონობის საკითხი. საზღვრის გადმოწევა სწორედ ამ მიზნით არის პროვოცირებული, ეს არის ჩვეულებრივი ფანდი, რომლითაც ჩვენ გვაიძულებენ დავყაბულდეთ იქ არსებულ საზღვრებს. ჩვენი მხრიდან საზღვრის გადმოწევაზე საუბრის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენთვის ის ძველი საზღვარი მისაღებია", - განაცხადა სარიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მიმართოს.