სოფელ დიცთან ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციის გამართვა იგეგმება

სოფელ დიცთან ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციის გამართვა იგეგმება

"არა მცოცავ ოკუპაციას" – ამ სლოგანით საპროტესტო აქციის გამართვა სოფელ დიცთან იგეგმება. 

საპროტესტო აქციის ჩატარებას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აპირებენ, რომლებმაც რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა დღეს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან გააპროტესტეს. სოფელ დიცთან აქცია, სავარაუდოდ, 1-ელ ივნისს გაიმართება.

პროტესტის ნიშნად რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დღეს რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათ სურთ დიპლომატიურ უწყებებს, საერთაშორისო საზოგადოებას, პირველ რიგში რუსეთს დაანახონ, რომ ქართული საზოგადოება ოკუპაციას არ შეეგუება და ე.წ საზღვრების გადმოწევას არ დაუშვებს.

ამასთან, აქციის მონაწილეები საზოგადოებას აქტიური პროტესტისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ მსგავს პრინციპულ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე ხალხის რეაგირება უფრო მკვეთრი უნდა იყოს.