ჟან კლოდ მინიონი:  ნუ დამაძალებთ იმის თქმას, რაც ხვალ პრემიერს უნდა ვუთხრა

ჟან კლოდ მინიონი: ნუ დამაძალებთ იმის თქმას, რაც ხვალ პრემიერს უნდა ვუთხრა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში მართლმსაჯულების მოქმედებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან კლოდ მინიონმა განუცხადა. მინიონი ამ საკითხს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოეხმაურა, როდესაც ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად აცხადებს, რომ არ მიიღებენ შერჩევით სამართალს. "ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩავერიოთ ამა თუ იმ ქვეყნის მართლმსაჯულების საქმიანობაში, თუმცა, გვსურს ყველა პროცედურა იყოს დაცული. თუკი ვიღაც მართლა უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, მაშინ უნდა მოეწყოს ნამდვილი, ჭეშმარიტი პროცესი. ბუნებრივია, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და დარწმუნებული ვარ, ყველანაირი ორაზროვნება უახლოეს მომავალში მოიხსნება", - განაცხადა მინიონმა.

მისივე თქმით, ხვალ ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. "მასთან შეხვედრაზე გულახდილად გავაგრძელებ მსჯელობას. ნუ დამაძალებთ იმის თქმას, რაც ხვალ პრემიერს უნდა ვუთხრა", _ აღნიშნა მინიონმა.

მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიცია შეიძლება ერთს ამბობდეს, ხოლო უმრავლესობა – მეორეს, თუმცა ის არც ოპოზიციის წარმომადგენელია და არც პოზიციის, ამიტომ მან სრული ნეიტრალობა უნდა შეინარჩუნოს. მინიონის განცხადებით, თვალს ადევნებს, როგორ შეასრულებს საქართველო მის მიერ აღებულ ვალდებულებებს. "თუკი არ შეასრულებს, ევროსაბჭო იძულებული იქნება დაგმოს", - დასძინა მინიონმა.