შსს–მ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალი წაუყენა

შსს–მ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალი წაუყენა

შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გამოავლინეს და სამსახურებრივი გულგრილობისა და თაღლითობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: 1963 წელს დაბადებულ ელდარ გ–ს, 1959 წელს დაბადებულ დალი კ–სა და 1981 წელს დაბადებულ ფირანი რ–ს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის  თავმჯდომარემ  და სამუშაო ჯგუფის  ერთმა  წევრმა არაჯეროვნად შეასრულა მათზე დაკისრებული მოვალეობა: ელდარ გ–მ და დალი კ–მ, გადამოწმების გარეშე ხელი მოაწერეს ჯგუფის მეორე  წევრის – ფირანი რ–ს მიერ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ 2012 წლის 17 დეკემბერს  თაღლითურად შედგენილ აქტს.

ელდარ გ–ს და დალი კ–ს მიმართ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342–ე მუხლის 1–ლი ნაწილით), ხოლო ფირანი რ–ს მიმართ გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლით).