"არც სააკაშვილს და არც ზაქარეიშვილს ჩემთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხზე არ უსაუბრიათ"

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონის განცხადებით, "არც საქართველოს პრეზიდენტთან და არც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი არ განუხილავს".

როგორც ჟურნალისტებს მინიონმა პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შიდა ქართლში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია სწორედ ჟურნალისტებისგან გაიგო და არც მიხეილ სააკაშვილს და არც პაატა ზაქარეიშვილს მასთან ამ თემაზე არ უსაუბრიათ.

"ეს ინფორმაცია მე არ მქონდა. ახლა თქვენგან გავიგე. აუცილებლად ვისაუბრებ ამ თემაზე იმ მინისტრთან (გიორგი მარგველაშვილთან), რომელსაც ახლა შევხვდები. ეს არის ის მოვლენები, რომელზეც ჩვენ ვერ გავჩერდებით და რეაგირებას მოვახდენთ. შეფასებას ვერ გავაკეთებთ, ვინაიდან ინფორმაცია არ გვაქვს", - განაცხადა მინიონმა და აღნიშნა, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ ფაქტს დაგმობს და ასევე, ეს საკითხი განხილული იქნება ერევანში მუდმივმოქმედი კომისიის შეხვედრაზე.

"თუმცა ნება მომეცით, ფრთხილი ვიყო იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ინფორმაციას არ ვფლობ", - აღნიშნა მინიონმა.