"როცა სახელფასო განაკვეთი დაბალია, სწორედ პრემიების სახით ხდება ამ თანხის კომპენსირება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრისა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, "როცა სახელფასო განაკვეთი დაბალია, სწორედ პრემიების სახით ხდება ამ თანხის კომპენსირება".

ამის შესახებ ბეჟაშვილმა აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ბეჟაშვილის თავმჯდომარეობის დროს აუდიტის სამსახურში სოლიდური პრემიები გაიცა.

"არ ვეთანხმები იმ შეფასებებს, რომელიც ცალკულ წევრებზეა გაკეთებული, იმდენად რამდენადაც ბოლო წლების განმავლობაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელიც მსოფლიო ბანკს ჰქონდა, რომელიც ჰქონდა თანამედროვე დასავლურ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ცალსახად დადებითად ახასიათებდნენ იმ რეფორმებს, რომლებიც კონტროლის პალატაში მიმდინარეობდა. რაც შეეხება პრემიებს, პრემიები ზოგადად ქვეყნისთვის არის პრობლემა და როცა სახელფასო განაკვეთი არის დაბალი და მოწესრიგებული არ არის კანონმდებლობით, პრემიებით ხდება ამ თანხების კომპენსირება. დღესაც, ანალოგიურად სამინისტროებს და კანცელარიას აქვს ანალოგიური პრობლემები", - განაცხადა ბეჟაშვილმა.