"დიცში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საზღვრების მონიშვნა საბჭოთა პერიოდის რუკების მიხედვით მიმდინარეობს"

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გია ვოლსკის ინფორმაციით, სოფელ დიცში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საზღვრების მონიშვნა საბჭოთა პერიოდის რუკების მიხედვით მიმდინარეობს. 

ამის შესახებ ვოლსკიმ "პირWელს" გორის რაიონის სოფელ დიციდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა, სადაც ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

"მავთულხლართები ჯერ მხოლოდ გარკვეულ ნაწილებშია გაბმული. დააყენეს სათვალთვალო კამერებიც. ამ პროცესს აგრძელებენ და ამ გზით საკმაოდ დიდი ტერიტორიაა მოქცეული საოკუპაციო რეჟიმის ფარგლებში. ჩვენთან შესახვედრად გამოვიდა უამრავი ხალხი, რომლებიც გაგვესაუბრნენ და ისინი გულდაწყვეტილები იხსენებდნენ იმ პერიოდს, როცა სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობდა და პერსპექტივა გვქონდა პრობლემის მოგვარებისა. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია. მიუხედავად უმძიმესი მდგომარებისა, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატში. ამ ეტაპზე აუცილებელია მოლაპარაკება სარწყავი სისტემების გამართულად მუშაობის საკითხზე. იქ ადგილობრივებს სასოფლო-სამურნეო სამუშაოები უკვე ჩატარებული აქვთ და დამუშავებულ სავარგულებს აუცილებლად სჭირდება წყალი", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ე.წ. საზღვრის გადმოწევა საბჭოთა რუკების მიხედვით ხდება.

"ჯიპიარესებით დადიან, თან აქვთ საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკები და ტერიტორიის აზომვა ამ რუკებზე დატანილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის საზღვრების მიხედვით ხდება. ამ საზღვრებს მიყვებიან და მავთულხლართებს აბამენ", - აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებას დროებითი საპარლამენტო კომისია 30 მაისს განიხილავს.