ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის დიცის მახლობლად ღობეების აღმართვა მიუღებელია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის დიცის მახლობლად ღობეების აღმართვა მიუღებელია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის დიცის მახლობლად ღობეების აღმართვა მიუღებელია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი დღეს შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა სიტუაციაზე დაკვირვების, ინფორმაციის მოგროვებისა და დამოუკიდებელი აზრის გამოხატვის მიზნით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის წინ.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა ღობეების აღმართვისა და დაბრკოლებების ზრდა, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს იმედგაცრუებასა და მომავალ პროტესტს, რამაც შესაძლოა, ამ სენსიტიურ რეგიონში მომავალში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს", - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანჟეი ტიშკევიჩმა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის მთავარი პრიორიტეტია. "ღობეების აღმართვა ხელს უშლის ადამიანთა საცხოვრებელ პირობებს და ყოფს ოჯახებსა და საზოგადოებას, რაც მიუღებელია", - აღნიშნა ანჟეი ტიშკევიჩმა.

დიცის მახლობლად ღობეების აღმართვასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე აღნიშნა უსაფრთხოების წარმომადგენელთა მატება დიცის მახლობელ ტერიტორიებზე, რამაც შესაძლოა ესკალაცია უფრო გამოიწვიოს, ვიდრე დაძაბული ურთიერთობის მოგვარება.