შსს-ში ოკუპაციის ხაზთან შექმნილი ვითარება განიხილეს

შსს-ში ოკუპაციის ხაზთან შექმნილი ვითარება განიხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზოლში რუსი მესაზღვრეების მიერ ბოლო პერიოდში მავთულხლართების გახშირებული გაბმის პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელობასთან ერთად საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი და მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ, ოკუპაციის ზოლში შექმნილი ვითარება განიხილეს.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 27 მაისს გორის რაიონის სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებზე", - აცხადებენ უწყებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი გუშინ დაადასტურა. როგორც უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, ეს უკანონო ქმედებას წარმოადგენს, რის გამოც საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ. ივნისის ბოლოს კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საუბარი იქნება ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.