დავით უსუფაშვილი:  იმედია, რომ სხდომის ბოიკოტირება განსხვავებული აზრის დაფიქსირების ძირითადი საშუალება არ გახდება

დავით უსუფაშვილი: იმედია, რომ სხდომის ბოიკოტირება განსხვავებული აზრის დაფიქსირების ძირითადი საშუალება არ გახდება

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ უმცირესობა პლენარული სხდომის ბოიკოტირებას განსხვავებული აზრის დაფიქსირების ძირითად საშუალებად არ აქცევს. 

"პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს სიხალვათეა, პარლამენტის 25 წევრი უცხოეთში მივლინებაში იმყოფება, უმცირესობამ კი პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადა და დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება, თუმცა ხვალიდან, როგორც ჩანს, ოპოზიციონერი კოლეგები შემოუერთდებიან სხდომათა დარბაზს. ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების ამ ფორმას, მაგრამ იმედია, ეს ფორმა არ გახდება ძირითადი საშუალება განსხვავებული აზრის დასაფიქსირებლად და ამ დარბაზში მოხდება ყველა საკითხზე მსჯელობა, რაც არ უნდა მტკივნეული და მნიშვნელოვანი იყოს თითოეული ჩვენგანისთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, ბოიკოტის მიუხედავად, უმცირესობის წარმომადგენელი – მიხეილ მაჭავარიანის სახით დღეს ბიუროს სხდომაში მონაწილეობდა.

საპარლამენტო უმცირესობა პროტესტის ნიშნად პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას არ ესწრება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე "პოლიტპატიმრები" არ გათავისუფლდებიან.

"საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნის და შურისძიების მიმართულებით და დააპატიმრა ყოფილი პრემიერი და მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საზიანო იქნება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვის და მძიმედ აისახება ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას გამოვიყენებთ - დღეს არ დავესწრებით პლენარულ სხდომას და რაიონული ორგანიზაციების მხარდამჭერებთან ერთად რვა რეგიონში საოლქო პროკურატურებთან გაიმართება საპროტესტო აქციები ივანიშვილის პირადი პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან", - განაცხადა ბარამიძემ.