კონსტიტუციამ შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეებისთვის სამი უმაღლესი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა დაუშვას

კონსტიტუციამ შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეებისთვის სამი უმაღლესი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა დაუშვას

საქართველოს კონსტიტუციამ შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაკავების შესაძლებლობა დაუშვას. 

მმართველი გუნდის მხრიდან კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები 29-ე მუხლის 1/1-პუნქტის გადახედვას ითვალისწინებს, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"საუბარია საკითხზე, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადასაწყვეტია, ხოლო როგორი იქნება ცვლილებები, მოკლე ხანში ნახავთ. რამდენიმე დღე მოითმინეთ და გაიგებთ, რა ცვლილებებზეა საუბარი" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ.

სააგენტო კითხვაზე, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, გახდება თუ არა აღნიშნული სამი თანამდებობის დაკავება ორმაგი მოქალაქეებისთვის დასაშვები, ხმალაძემ განაცხადა, რომ "ეს შესაძლებელია".

მისივე ცნობით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ამ საკითხს არ შეეხება და "იქნება სხვა ცვლილებებიც", თუმცა ხმალაძემ დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

მოქმედი კონსტიტუციით, სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. ასევე კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამასთან, გასულ წელს, მას შემდეგ რაც პოლიტიკიაში ჩართულმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, კონსტიტუციაში "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივითა და ყოფილი სახელისუფლო გუნდის მხარდაჭერით ახალი ნორმა ჩაიდო. კერძოდ, დღეს ქვეყნის უმაღლესი კანონი ამბობს, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც ორმაგ მოქალაქეებს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებას უზღუდავს.