თედო ჯაფარიძე სოფელ დიცსა და დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

თედო ჯაფარიძე სოფელ დიცსა და დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სოფელ დიცსა და დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. 

მომხდარს ჯაფარიძე სპეციალური განცხადებით ტალინიდან ეხმაურება.

"მომხდარის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას, რომელიც კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევით საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციას. მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონობაზე, რამაც სერიოზული საფრთხე შეიძლება შეუქმნას რეგიონულ სტაბილურობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ჟენევის თუ აბაშიძე – კარასინის ფორმატში მიმდინარე საქართველო – რუსეთის მოლაპარაკებების ფონზე ამგვარი პროვოკაციები საფრთხის შემცველია სამშვიდობო პროცესის სტაბილურად წარმართვისთვის.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაუთმოს განსაკუთრებული ყურადღება და მოახდინოს რეაგირება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამეფებულ უკანონობაზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სამოქალაქო მოსახლეობას და წარმოადგენს ოკუპაციის დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას.

ჯაფარიძე მოუწოდებს ოკუპანტ ძალას – რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უარი თქვას საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციაზე. თედო ჯაფარიძე ასევე მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებით, გაააქტიუროს მუშაობა საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების მეშვეობით მომხდარ ფაქტზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის მიზნით.