მიხეილ სააკაშვილი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ადანაშაულებს

საქართველოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ადანაშაულებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთი საკუთარი გეგმის შესაბამისად მოქმედებს და რიტორიკას არ უყურებს.

"რუსეთისთვის სულ ერთია ჩვენი რიტორიკა. თუ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რაც გინდა ელაპარაკე და ეფერე – ჩემზე მეტად მათ არავინ მოფერებია, განსაკუთრებით პირველ წლებში. მათთვის ფუნდამენტური პრობლემა ქართული სახელმწიფოა. ჩვენ არ უნდა შევასუსტოთ ანტიოკუპაციური საკანონმდებლო რეჟიმი საქართველოში. საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ვადანაშაულებ. გუშინ გაკეთდა განცხადებები, "ენა მოვუჩლიქეთ და საზღვარი მაინც გადმოწიეს". რუსეთს აქვს თავისი გეგმა - არ უყურებს როდის რა ვთქვით და რა ხასიათზე ვართ, ის თავის გეგმას მიყვება. არაფერ შუაშია, რა გააკეთა რომელიმე ოფიციალურმა პირმა. მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას მივხვდეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა რომელიმე ოფიციალური პირის დანაშაული არ არის და არც წინა წლებში ყოფილა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის გეგმების საპასუხოდ საქართველომ სამართლებრივი პოზიციები არ უნდა შეასუსტოს.

"არ უნდა შევასუსტოთ ოკუპაციის კანონი საზღვრებთან მიმართებაში, ტერმინი "ოკუპაცია" არ ამოვიღოთ ხმარებიდან, რადგან ეს არის ჩვენი იურიდიული გასაღები. თუ ვიტყვით, რომ ომში ჩვენ ვართ დამნაშავე და ტერორისტებს ვამზადებდით, არაღიარების რეჟიმიც, რომელშიც დიდი წარმატება გვაქვს, შესუსტდება. სამართლებრივი სიტუაციის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს გათავისუფლება გარდაუვალია. იქამდე კი არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა შევასუსტოთ ძალისხმევა, გავყვეთ გეგმას, რომელიც ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, სამართლებრივი სივრცის, დემოკრატიისა და შეიარაღებული ძალების განვითარებას გულისხმობს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი დაადასტურა. როგორც უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, აღნიშნული, უკანონო ქმედებას წარმოადგენს, რის გამოც საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ. ივნისის ბოლოს კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საუბარი იქნება ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც.