მიხეილ სააკაშვილი:   საუკეთესო ქართველები ქართველი სამხედროები არიან

მიხეილ სააკაშვილი: საუკეთესო ქართველები ქართველი სამხედროები არიან

საუკეთესო ქართველები ქართველი სამხედროები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო აკადემიაში სამხედროებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ჩვენი დამოუკიდებლობის უმაღლესი გამოვლინება სწორედ საქართველოს შეიარაღებული ძალებია.

"ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ჩვენი დამოუკიდებლობის უმაღლესი გამოვლინებაა საქართველოს შეიარაღებული ძალები. მე ერთხელ, როცა ვთქვი, რომ საუკეთესო ქართველები არიან ქართველი სამხედროები, ერთმა უცხოელმა ელჩმა მომწერა ცოტა არ იყოს საპროტესტო წერილი, რატომ არა იურისტები, ეკონომისტები ბალერინები ან სხვებიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ სამხედროები, რადგან უმაღლესი გამოვლინება პატრიოტიზმის არის სიცოცხლის გაწირვა სამშობლოსთვის და მათ ეს შეუძლიათ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ სინამდვილეშიც, რაც ნათლად დაგვანახა აგვისტოს ომმა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ქართველი ოფიცრების ისტორია "უზარმაზარი ტრადიციის" მატარებელია და ის უნდა გაგრძელდეს.

"ქართველი ოფიცრების, ქართველი სამხედროების უზარმაზარი ტრადიცია არსებობს. ქართველები მეთაურობდნენ ძალიან ბევრი ძლევამოსილი იმპერიის არმიას და ბევრი აქვთ გაკეთებული არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. მამლუქების მრავალრიცხოვანი ჯარები იყო ქართველების ხელმძღვანელობის ქვეშ. შორს რომ არ წავიდეთ ისიც საკმარისია, რომ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილ – აშშ-ის გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა ქართველი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი. ასე რომ, ეს ისტორია და ტრადიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასახელო და ეს არის ის, რაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორის სამხედრო აკადემიის აღდგენა სწორედ მისი იდეა იყო.

"ამ აკადემიის აღდგენა და მოდერნიზაცია ჩემი გეგმა იყო, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი დამსახურება ძალიან მცირეა, მთავარია ის, რასაც აკეთებს მისი დღევანდელი ხელმძღვანელი _ ის კარგად აგრძელებს ტრადიციას, რომელიც აკადემიას აქვს. იმაზე მნიშვნელოვანი საქმე, თუ არა ქართული ოფიცრების ტრადიციების აღორძიება, არ არსებობს", - დასძინა სააკაშვილმა.