კონსტანტინე სურგულაძემ ჟურნალისტებს უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანები წარუდგინა

კონსტანტინე სურგულაძემ ჟურნალისტებს უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანები წარუდგინა

თბილისში დღეს "ქართული დიასპორის დღეები 2013" გაიხსნა. დიასპორის დღეებთან დაკავშირებით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. 

მინისტრმა ჟურნალისტებს უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანები წარუდგინა, ასევე ის ხელოვანები, რომლებიც უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ.

როგორც კონსტანტინე სურგულაძემ განაცხადა, ქართული დიასპორის დღეები დოკუმენტური ფილმის "მიწის სჯულის" ჩვენებით გაიხსნა, რომლის ავტორია დოკუმენტური ფილმების სტუდია "გუთანი".

უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თამამემულე მხტავრების ნახატების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა, ასევე კლასიკური მუსიკის საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამასთან გაიმართება დიასპორის საკითხებზე შექმნილი ფილმების ჩვენება.

დღეს რუსთაველის სახელობის თეატრის დიდ დარბაზში 18.00 საათზე ჩატარდება გალა კონცერტი. დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი თანამემამულეები ალექსანდრე კორსანტია (აშშ), ვალერიან გამგებელი (ესპანეთი), ნანა მირიან-ქავთარაშვილი (იტალია), გია ონიანი (გერმანია), თამთა ტარიელი (იტალია), ზაზა მარჯანიშვილი (აშშ), ბენდი და სიმებიანი კვარტეტი "შტორცანდო", დავით ციცქიშვილი (გერმანია), ლუკა ოქროსცვარიძე (რუსეთი), ხათუნა შავგულიძე (ინგლისი), არჩილ ბლუაშვილი (საბერძნეთი), ავთანდილ თოფურია (საბერძნეთი), ვახო მუსხელი (აშშ), ქეთევან სირბილაძე (საბერძნეთი), ირაკლი ძნელაძე (საფრანგეთი).

ასევე ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში 28 მაისს, 11:00 საათზე იგეგმება კონფერენციის ჩატარება სასტუმრო "თბილისი მარიოტში", რომელსაც დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონფერენციაზე წარმოადგენს დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტს. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო და არასამთავრობო, ასევე მედიის წარმომადგენლები.

როგორც კონსტანტინე სურგულაძემ განაცხადა, ქართული დიასპორის დღეებს "თეატრი ათონელზეც" უმასპინძლებს, სადაც წარმოდგენილი იქნება, ქეთი დოლიძის სპექტაკლი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობდა ქართული დიაპორის დღეებში რუსეთი, კონსტანტინე სურგულაძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში ქართული დიასპორებისთვის შეტყობინება არავისთვის გაუგზავნიათ და ქართული დიასპორის დღეებში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა ქვეყნებში არსებულმა დიასპორებმა თავად გამოთქვეს.

ქართული დიასპორის დღეები საქართველოში 2007 წლიდან აღინიშნება.