ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლებაც და ხალხიც ახლა ვსწავლობთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრებას

ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლებაც და ხალხიც ახლა ვსწავლობთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრებას

დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია – ეს ის საკითხებია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუმრებს სიხარულის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უდიდესი ეროვნული დღესასწაულია. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 95 წლის წინ, 1918 წელს წინაპრების ოცნება ახდა და დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს დღე მრავალი თაობის მონაპოვარია. 26 მაისი ჩვენი გამაერთიანებელია. ამ დღეს ჩვენმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სახელმწიფოს ფორმად კი დემოკრატიული რესპუბლიკა აირჩია. დემოკრატიული მმართველობა და ევროპული ცხოვრების წესი ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს. თუმცა, მაშინ დამოუკიდებლობამ სულ სამ წელს გასტანა. ათწლეულების განმავლობაში მოუწია საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში არსებობა. ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და გადაარჩინა დამოუკიდებლობის იდეა და მრავალი ათეული წლის შემდეგ, 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. დღეს ჩვენ ვალდებული ვართ, საქართველო თანამედროვე, ცივილიზებული ცხოვრების წესზე გადავიყვანოთ, რათა გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს ღირსეული, სრულფასოვანი წევრი. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა. ჩვენ, ყველა – ხელისუფლებაც და ხალხიც ახლა ვსწავლობთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრებას", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დემოკრატიის ამ რთულ გზაზე საქართველოს მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს, რადგან მათი გამოცდილება და გვერდით დგომა უმნიშვნელოვანესია.
"დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია – ეს ის საკითხებია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია. ეს არის ჩვენი უმთავრესი გამოწვევები და ჩვენ ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ჩვენ ყველას – თითოეულ მოქალაქეს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია. საქვეყნო საქმეში ცალმხრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს. ამიტომაც მოქალაქეების მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ისეთი სახელმწიფოს შექმნა, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც ქსენოფობიასა და ჰომოფობიას არ აქვს გასაქანი, სადაც პატივს სცემენ ადამიანის არჩევანს, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, სადაც მოქმედებს სამართლიანი კანონები და ამ კანონებს ემორჩილებიან, სადაც ბიზნესი თავისუფალია. ჩვენ უნდა გავხდეთ სტაბილური და ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და ერთად ავაშენოთ საერთო სახელმწიფო", - აღნიშნა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებლობის დღე სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს განსაკუთრებით მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი გმირობა და თავგანწირვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას ემსახურება.

"საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ჩვენს ხალხს სიცოცხლის ფასად დაუჯდა და დღეს ჩვენი ყველაზე დიდი ვალდებულებაა, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. მინდა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა, საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის საზეიმო მიღებას ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.