მიხეილ სააკაშვილი:  თითოეული ჯარისკაცი, რომელიც 2008 წელს დაიღუპა, ისეთივე გმირია, როგორც 300 არაგველი

მიხეილ სააკაშვილი: თითოეული ჯარისკაცი, რომელიც 2008 წელს დაიღუპა, ისეთივე გმირია, როგორც 300 არაგველი

თითოეული ჯარისკაცი, რომელიც 2008 წელს დაიღუპა, ისეთივე გმირია, როგორც 300 არაგველი, - ამის შესახებ ავღანეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ჯარისკაცებისადმი მიმართვისას განაცხადა . 

მისი თქმით, ქართველი ხალხი გაიზარდა წარსულის გმირების ისტორიებით. "ჩვენ ვიცით 300 არაგველის ისტორია, 9 ძმა ხერხეულიძის, დიდგორში ჩვენი გმირების ისტორია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისტორია იყო მხოლოდ მაშინ, რომ გმირები არიან მხოლოდ წარსულში. ვიზე ნაკლები გმირია ჩვენი ჯარი, ვინც 2008 წელს 5 დღის განმავლობაში შეაკავა ასჯერ უფრო მძლავრი მტერი. ეს იყო ის 5 დღე, რომელმაც მოგვცა საშუალება, გამოგვეღვიძებინა მთელი მსოფლიო აგვისტოს ამ ძალიან მოშვებულ, არდადეგების დროს, დაგვეყენებინა ისინი ფეხზე და ყველას ერთად გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

თითოეული ჯარისკაცი, რომელიც 2008 წელს დაიღუპა, ისეთივე გმირია, როგორც 300 არაგველი. ვიზე ნაკლები გმირია ჩვენი სადაზვერვო ასეული, მეორე ბრიგადის, რომელმაც გენერალ ხრულოვის სატანკო რაზმი გააჩერა, მოგვაგებინა მრავალი საათი და თავად ამ ყველაზე ბრძოლისუნარიანი რუსული არმიის მოქმედი მეთაური, გენერალი ხრულოვი დაჭრა და გააძევა საქართველოდან. და ბოლოს, გიორგი ანწუხელიძე, საქართველოს ეროვნული გმირი. მის გმირობას იშვიათად აქვს პარალელი ჩვენს მრავალწლიან ისტორიაში. მტერი მას სცემდა, აიძულებდა მიწისთვის ეკოცნა. მან ქედი არ მოიხარა, სიკვდილი ამჯობინა დამცირებას. მე მის წინაშე ვარ განსაკუთრებულ ვალში. მას ასევე აიძულებდნენ ჩემი სახელის შეურაცხყოფას და მან ამაზეც უარი თქვა. ის აღარ არის დღეს ცოცხალი და მე ცოცხალი ვარ. სანამ ცოცხალი ვარ, სანამ პირში სული მიდგას, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს მისი სისხლი არ შერჩეთ, არც ერთი გოჯი ქართული მიწა არ შერჩეთ",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს შეირაღებული ძალები საქართველოს დამოუკიდებლობის უმაღლესი გამოვლინებაა. "დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობა კი ჩვენი ერის არსებობის უმაღლესი გამოვლინებაა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.