გენერალ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ კვინიკაძეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

გენერალ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ კვინიკაძეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელ გრიგოლ კვინიკაძეს, შესაძლოა, ბრალი 26 მაისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაუმძიმდეს. დაკავებული ყოფილი პოლიციელი ორმა ყოფილმა პატიმარმა ამოიცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ამნისტიის შედეგად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა კობა გოცირიძემ განუცხადა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დროს მისი დაკავება და პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაყვანა მოხდა, სადაც გრიგოლ კვინიკაძის დავალებით მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.

კერძოდ, კობა გოცირიძის თქმით, ზეწოლის დროს მისგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ. "საინფორმაციო საშუალებებში დღეს გავრცელდა ყოფილი პოლიციელების დაკავებაზე ინფორმაცია. ამოვიცანი გრიგოლ კვინიკაძე, რომელიც დიღმის სამმართველოში მისთვის სასურველი ჩვენების გამო ჩემი წამების დავალებებს გასცემდა. მის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მიცემული მაქვს", - აღნიშნა კობა გოცირიძემ.

მეორე ყოფილი პატიმარი, ვინც კვინიკაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს, "დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ივა ჩიღვინაძის მძღოლი რამაზ მეტრეველია.
როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პოლიციის მთავარ სამმართველოში მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა რამდენიმე პირისგან, მათ შორის გრიგოლ კვინიკაძისგან ხორციელდებოდა. "იგი უშუალოდ იყო ჩართული ჩემს ცემაში და მუქარაში ნიღბიანებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში. ითხოვდნენ, აღიარებას, თითქოს აქციის ღამეს რუსთაველის გამზირზე პოლიციელს დავეჯახე ავტომობილით და მოვკალი", - აღნიშნა რამაზ მეტრეველმა. მისი თქმით, კვინიკაძის წინააღმდეგ ჩვენებას პროკურატურას ხვალ მისცემს.

მთავარმა პროკურატურამ გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი სამართალდამცველები გუშინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან: შსს-ის ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი", - აცხადებენ პროკურატურაში.