"Московский Комсомолец" არჩილ კბილაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს

რუსული გამოცემა "Московский Комсомолец" საქართველოს მთავარ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ყოფილი მაღალჩინოსნების, პატიმრების წამებასა და საქართველოში მომხდარ ცვლილებებზე საუბრობს.

ინტერვიუს დროს საქართველოს მთავარი პროკურორი ასევე შეეხო კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, დათა ახალაიას მიერ რამდენიმე ხნის წინ "ფეისბუქით" გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის ყველა დანაშაულში ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებდა.

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ჯერ დამტკიცებული არ არის, მართლა ეკუთვნოდა თუ არა ეს განცხადება დათა ახალაიას.

"დათა ახალაია ბრალდებულია სხვა საქმეში და ის ძებნაშია. გამომდინარე იქიდან, რომ ის საქართველოში არ იმყოფება, სასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა განაჩენი და მას პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება "ფეისბუქით" გავრცელებულ განცხადებას, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, მართლა ეკუთვნის თუ არა ის დათა ახალაიას. არსებობს გარკვეული ეჭვები ამ განცხადების ავტორთან მიმართებაში. თუ ახალაია საქართველოში დაბრუნდება და საგამოძიებო ორგანოებს ჩვენებას მისცემს და თუ დამტკიცდება, რომ ისინი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, მაშინ არსებობს შანსი, რომ მისი სტატუსი ხელახლა გადაიხედოს და გათავისუფლდეს კიდეც პასუხისგებისგან. თუმცა, სანამ ეს ადამიანი საქართველოში არ იმყოფება, ჩვენ ვერაფერს მოვიმოქმედებთ", - განაცხადა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუსას არჩილ კბილაშვილმა.